logo
ENG



ხულორდავა: ევროკავშირისგან 150 მლნ ევროს დახმარება სასამართლო რეფორმაზეა დამოკიდებული

06 ოქტ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 
85itwgac6qka1z0.png

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ხულორდავას შეფასებით, ის, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ნაჩქარევად, ქართული ოცნებისთვის სასურველი ფორმით მიიღო კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, სულ მცირე, "ცუდი ფაქტია". 

ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში ხულორდავამ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელება ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებასთანაა დაკავშირებული - ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებდა, ევროკავშირისგან მიიღებდა დაფინანსებას კორონავირუსის კრიზისის შემდგომი პერიოდისთვის. 

"150-მილიონიანი დახმარების მისაღებად, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის პროცესში უნდა დაეხმაროს საქართველოს, ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაა განსაზღვრული. 

გაუგზავნეს ვენეციის კომისიას დოკუმენტი და რამდენიმე დღეში პარლამენტმა კენჭი უყარა ისე, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებას, იმ ვერსიას, რომელიც პარლამენტმა მიიჩნია, რომ აკმაყოფილებს ვენეციის კომისიის დასკვნას. ევროკავშირისგან დღეს გვაქვს ასეთი კრიტიკული შეფასება, რომ დასანანია, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა, არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, რბილად რომ ვთქვათ", - თქვა ხულორდავამ

ევროკავშირთან გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით, 150-მილიონიანი დახმარების ერთი ნაწილი საქართველომ 2020 წელს უნდა მიიღოს, მეორე ნაწილი - 75 მილიონი ლარი - 2021 წელს. 

საქმე ევროკავშირის განცხადებას ეხება, რომლითაც მკვეთრად უარყოფითად არის შეფასებული პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცება. ცვლილებები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესს ეხება. 

ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი მართლმსაჯულების რეფორმის პროცესის მიმართ ნდობის მოპოვების "ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა". 

საქართველომ კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ ვენეციის კომისიას კანონპროექტის შეფასება სთხოვა, თუმცა, შეფასების მიღებამდე, დაჩქარებული წესით დაამტკიცა.  

იმისთვის, რომ სასამართლოს რეფორმას დადებითი შეფასება მიეღო, კანონში უნდა ასახულიყო უზენაეს სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შესახებ მეტი დასაბუთების ვალდებულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, ასევე, გაუქმებულიყო კენჭისყრის ფარულობა და გაუმჯობესებულიყო ამა თუ იმ კანდიდატის მხრიდან საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. 

პარლამენტმა კენჭისყრის ფარულობა ძალაში დატოვა და მხოლოდ ნაწილობრივ გახადა საჯარო - წინა წლებისგან განსხვავებით, ამიერიდან საბჭოს წევრებს ექნებათ ინფორმაცია ერთმანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. საზოგადოება ამ ინფორმაციას ისევ ვერ მიიღებს. ასევე, ამა თუ იმ კანდიდატის წარდგენის შესახებ დასაბუთებას წარადგენს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. დასაბუთებად შეიძლება ჩაითვალოს კანდიდატის შესახებ უმცირესი ინფორმაციის მიწოდებაც კი. 

"უამრავმა საერთაშორისო პარტნიორმა გამოხატა პოზიცია და ძალიან მკაფიოდ გვითხრა, რომ ეს არ არის სრულფასოვანი რეფორმა. იმისთვის, რომ რეფორმა იყოს სრულფასოვანი და საერთაშორისო სისტემის მიმართ ნდობა გაიზარდოს და გვქონდეს რწმენა, რომ სასამართლოში მართლაც კომპეტენტურ და ღირსეულ ადამიანებს ვირჩევთ, კიდევ რაღაც გაუმჯობესებები და დამატებით ნაბიჯებია საჭიროო, ამას გვეუბნებოდნენ.

გვეუბნებოდნენ, რომ აუცილებელი იყო, იუსტიციის საბჭოს მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, გვეუბნებოდნენ, რომ ეს პროცესი საჭიროებდა მეტ საჯაროობას - უნდა გვცოდნოდა, იუსტიციის საბჭოს თითოეული წევრი როგორ აფასებდა ამა თუ იმ კანდიდატს და რატომ. ასევე, უნდა ყოფილიყო გასაჩივრების სრულფასოვანი პროცედურა", - თქვა თამარ ხულორდავამ

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ოცნების უმრავლესობამ კენჭი კანონის ამ ვერსიას დაჩქარებული წესით უყარა ისე, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შენიშვნები არ გაითვალისწინა. 

"მგონია, რომ ვენეციის კომისია პროცესის ნაწილითაც დაინტერესდება, იმიტომ რომ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში, ძალიან სწრაფად, პირველადი ვერსიიდან ძალიან განსხვავებული ვარიანტი მიიღო ვენეციის კომისიამ, თან ძალიან სწრაფად. ეს იმ პრობლემას ქმნის, რომ როცა სწრაფად ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ გეძლევა საშუალება, ტექსტში ბოლომდე ჩაიხედო, ყველა ნიუანსი გაიარო, ყველას ჰკითხო მოსაზრება და შემდეგ სწორი პოზიციები გაითვალისწინო, ასახო და ისე მიიღო დოკუმენტი. ამიტომ, სიჩქარე ყოველთვის არის ხარისხის მტერი", - თქვა თამარ ხულორდავამ

ვენეციის კომისია თავის მოსაზრებას კანონზე, რომელიც ქართული ოცნების უმრავლესობამ 30 სექტემბერს, IX მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. 


close დახურვა